2020 წელს ადგილობრივი ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 9.5%-ით შემცირდა და 480.4 ათასით განისაზღვრა, - ინფორმაციას “საქსტატი“ აქვეყნებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 910.8 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.0 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 8.3 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მონაცემებზე.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.2 პროცენტი თბილისის მცხოვრებელია, 12.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 12 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
ამასთან, 2020 წელს ვიზიტების უმრავლესობა (45.9 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 147.1 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 4.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 9.5 პროცენტით და 141.6 ლარს უტოლდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, განცხადებით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოს განაახლებს. ავიაკომპანია კვირაში 45 ფრენას 20 მიმართულებით შეასრულებს.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მარტის განმავლობაში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ კვირაში, დაახლოებით, 70 სამგზავრო ფრენა განხორციელდება, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში კვირის განმავლობაში 200 ფრენა შესრულდება.
„ვიზეარი“, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, განაახლებს მარტის ბოლოდან ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას. მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზეარ აბუდაბი“ და ფრენებს შეასრულებს აბუ დაბი - ქუთაისი - აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით. მთლიანობაში გვაქვს შემდეგი სურათი, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში განხორციელდება კვირაში, დაახლოებით, 70 ფრენა სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში ეს იქნება 200 ფრენა კვირაში, მაშინ როდესაც თუნდაც გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში ანუ 7-ჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა,“- განაცხადა ნათია თურნავამ.