- საზოგადოება
- გადასვლები: 100
მეცხრამეტე საუკუნის წიგნების ქურდობის საქმე-გახსნილია ტრანსნაციონალური დანაშაული
საქართველოს პროკურატურამ, საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვას კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ამ ეტაპზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს.
პროკურატურის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.