ქუთაისში, პარტიამ ,,ევროპული საქართველო,, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ კახიძე იქნება, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში კი ,,ევროპულმა საქართველომ,, გოჩა გურგუჩიანი დაასახელა.
დღესვე პარტიამ მერობის კანდიდატები წარადგინა. ,,ევროპული საქართველოს,, ქუთაისის მერობის კანდიდატი ამირან ძოწენიძე, ხოლო ონის მერობის კანდიდატი ჯონი გობეჯიშვილი იქნება. შეხვედრაზეპარტიის ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც გადასახადების და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას და სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემას მოიცავს. ასევე გაიმართა „ხელშეკრულება ხალხთან“ პრეზენტაცია, რომლითაც პარტია სხვადასხვა რეფორმაზე განხორციელების ვალდებულებას იღებს.
ალექსანდრე ელისაშვილის პარტიის ,, მოქალაქეები" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ კენჭაძე საარჩევნო პლაკატებით ქუთაისის იერ-სახის დამახინჯებას აპროტესტებს და მოუწოდებს მაჟორიტარი დეპუტატობის ყველა კანდიდატსა და პოლიტიკურ პარტიებს, უარი თქვან ამ ქმედებაზე.
„მე არ ვსპობ და ნურც თქვენ მოსპობთ ამ ქალაქის ისედაც მოუწესრიგებელ ქუჩებს. ეს ჩემი, როგორც რიგითი ქუთაისელის შეურაცხყოფაა. ჩამოდიხართ არჩევნებში გამარჯვების მიზნით, საზოგადოებას უკეთესობაზე ელაპარაკებით და პარალელურად ათიათასობით ლარს ამ ქალაქის დაბინძურებაში ხარჯავთ მაშინ, როცა თქვენი პლაკატების გასწვრივ ქუჩის ორმოების ამოსავსებად სულ ორი შეკვრა ცემენტია საჭირო ადამიანმა კისერი არ მოიტეხოს იქ გავლისას. დავსხდეთ მრგვალ მაგიდასთან და ვისაუბროთ კონსტრუქციულად, ვიდებატოთ საქმეზე ქუთაისის უკეთესი მომავლისთვის და ახალგაზრდებს, თქვენი პლაკატების გაკვრას რომ ავალებთ, ნუ ასწავლით ქალაქის საერთო ქონების უპატივცემულობას“.-აცხადებს იოსებ კენჭაძე