სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.
„საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.
გარდა ამისა, „საქსტატის“ განმარტებით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.
„2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 48.7 ათასი კაცით (5.6%) და 916.7 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.0 ათასით გაიზარდა (2.2%) და 410.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.6 ათასით (5.2%) და 266.9 ათასი შეადგინა. 2023 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.2 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.3 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 2.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 44.9 პროცენტს და 43.4 პროცენტს შეადგენს.
2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.1 პროცენტი შეადგინა.
2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია საქალაქო ტიპის დასახლებებში 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 14.5 პროცენტს და 18.5 პროცენტს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.9 პროცენტული პუნქტით.
2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 2.1 და 2.0 პროცენტული პუნქტით“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისში, კომპანიამ „ვათაგი“ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით,“ სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
კომპანიამ „ვათაგი“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მიღებული სესხის ოდენობა 640,000 ლარია, პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდა 384,000 ლარი.
ბიზნეს ობიექტი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დაათვალიერეს.
,,იმერეთის მასშტაბით 23 პროექტი დაფინანსდა ამ საგრანტო კომპონენტით და შესაბამისად ახალი 23 საწარმო შეიქმნა, სადაც დასაქმდა ჩვენი მოქალაქეები. პროგრამის ეგიდით დაფინანსდა ახალი ბიზნეს მიმართულებები და გარკვეულწილად გაფართოვდა. აღნიშნული ინვესტიცია ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. ევროკავშირის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ამ მიმართულებით 8 700 000 ლარი დაიხარჯა და ვფიქრობ ყველა ბიზნესპროექტი უკვე წარმატებულია” - აღნიშნა ზვიად შალამბერიძე.
სამაცივრე მეურნეობას 200 ტონა რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში 60 ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია განკუთვნილია ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი-საქართველოს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართავს და სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს სოფლად, ხორციელდება საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში.
პროგრამის მესამე კომპონენტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ახალი საწარმოების შექმნას, არსებული საწარმოების გაფართოებას ან გადაიარაღებას.
იმერეთის რეგიონში ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში 2022 წლიდან 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 23 ბენეფიციარს გაუფორმდა შეთანხმება.