სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობდა. შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მიკვლევადობის მოთხოვნები. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
დარღვევები დაფიქსირდა ყველის გადამმუშავებელ საწარმო შპს ,,რაგოშიც” (ს/კ 419617258; მისამართი: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფელი სამტრედია). ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარების გარეშე, არ იცავდა მიკვლევადობის მოთხოვნებს, რის გამოც დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
,,სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ სააგენტოს აღიარება. ,,-სურსათის ეროვნული სააგენტო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.
გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
სამართალდამცველებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაშია – მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
გამოძიების დასრულებამდე, ინციდენტში მონაწილე, დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს კადრების განკარგულებაში.