ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც უკვე ერთ წელზე მეტია საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავენ,ამჯერად მორიგ შეკრებას თბილისში, პროკურატურასთან აანონსებენ.
,,19 მარტს თბილისში, პროკურატურასთან ვმართავთ საპროტესტო აქციას. ვაპროტესტებთ პროკურატურის უსამართლო გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ჩვენს თანამებრძოლებს ჯერ ბრალი წარედგინათ და შემდეგ პატიმრობა მიესაჯათ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენიათ.
ასევე გვსურს, პროკურატურას მოვთხოვოთ, დაინტერესდეს და გამოიძიოს ქალაქ ჭიათურაში სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევები, კორუფციული სქემები, სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი გამოყენება და ბევრი სხვა ფაქტი.
ასევე ვითხოვთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის , ანტი კორუფციულმა დეპარტამენტმა , შეისწავლოს ჭიათურის მერიის და ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობა.
ასევე გვსურს მივმართოთ ტელევიზიებს, დაგვითმონ სტუდია და მოიწვიონ არგუმენტირებულ დებატებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი.
მობრძანდით, დაგვიჭირეთ მხარი. ჩვენ 1 წელზე მეტია ვიბრძვით და ვითხოვთ სამართლიანობას, რომელიც კონსტიტუციით გვეკუთვნის.
ხუთშაბათი, 19 მარტი, 13:00 სთ.საქართველოს პროკურატურასთან გელოდებით.,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.
