შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ იმერეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად მიიღო ინფორმაცია იმერეთის რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შინაგან საქმეთა მინისტრს რეგიონში დანაშაულის სტატისტიკა და გახსნის მაჩვენებელი გააცნეს.
გეკა გელაძე პირველ მოადგილესთან როლანდ მესხთან და მოადგილესთან გიორგი ბუთხუზთან ერთად, ასევე ეწვია დაცვის პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურს, სადაც შესაბამისი ტექნიკა, აღჭურვილობა და ლაბორატორიები დაათვალიერა.
შინაგან საქმეთა მინისტრი იმერეთის რეგიონში ვიზიტისას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა. გეკა გელაძემ მათ გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ჭიათურელი მაღაროელები პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს მთავრობას მიმართავენ.ჭიათურაში საპროტესტო აქციის 127-ე და შიმშილობის 16-ე დღეა. მთავარი მოთხოვნა ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა.
,,ბატონო პრემიერო, ჭიათურაში მდგომარეობა კრიტიკულია. შიმშილობს შვიდი ადამიანი, სამ პირს პირი აქვს ამოკერილი, ორი მათგანი უწყლოდ შიმშილობს. ტარილ მიქაცაძის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
ადამიანები, რომლებიც თქვენ რადიკალებად წარმოგიდგინეს, სინამდვილეში საკუთარი მეგობრების დასახმარებლად საკუთარ სიცოცხლესაც არ იშურებენ. ამას დიდი ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდება. პრემიერო, თქვენ ხშირად იწონებთ თავს ოჯახური ღირებულებებითა და პატრიოტიზმით, მაგრამ განა არსებობს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე მეგობრისთვის თავის გაწირვაა? მაშინ, როდესაც მთელი საქართველო აგიმხედრდათ, ჩვენ არასდროს გვიწოდებია არალეგიტიმურები – ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ. ვითხოვთ ღირსეულ შრომის პირობებს ღირსეულ ანაზღაურებას და დაფასებას.
კომისიის მიერ წარმოდგენილმა მმართველმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი.
შთაბეჭდილება რჩება თითქოს ,მიზანმიმართულად ცდილობენ ხელისუფლება კიდევ უფრო შესძულდეს ხალხს. ამ ყველაფერში თანაბრად მონაწილეობს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება , ასევე კომპანია, პრემიერო.
თუ გსურთ, პრობლემის სათავეებში გაერკვეთ, მობრძანდით, ან გაგვიღეთ თქვენი კაბინეტის კარი – ბევრ რამეს გიამბობთ. ყველაფერი არ არის ისე, როგორც ეს საზოგადოებაში წარმოჩენილია. თუ ადამიანებს შეუძლია, მეგობრები გამო თავი გასწიროს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანებს რადიკალური ვუწოდოთ? ამას დიდი ვაჟკაცობა და ღირსება სჭირდება.
ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და არ ვიმსახურებთ უსამართლობაში ყოფნას. დაინტერესდით პირადად ამ საკითხით. ჩემი ხელით არაერთი წერილი დამიწერია და გამომიგზავნია თქვენთვის – ნეტავ, რომელიმე მიაღწია თქვენამდე?
ჭიათურელებს მანგანუმი წყევლად გვექცა. ეს არის გულწრფელი წერილი, რომელსაც მთელი საქართველო იხილავს. თქვენი ვალდებულებაა, იზრუნოთ იმ ხალხზე, ვინც აგირჩიათ და ვისი ინტერესებიც უნდა დაიცვათ. იმედი მაქვს, ამ წერილს შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვება.,,-წერია მაღაროელების სახელით გავრცელებულ წერილში.