საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური.
ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.
„ექიმების მხრიდან ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება.
რა თქმა უნდა, ასაკის და ყველაფრის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მიმდინარეობს დაკვირვება და ყველა საჭირო ღონისძიების გატარება, რომ რაც შეიძლება, სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, „იმედთან“.
