,,ძალა ერთობაშია,,-ამ სლოგანით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება. 22 მარტს,15:00 საათზე მერიის წინ შეკრება დაიგეგმა.
,,საქართველოში უკვე წელიწადნახევარია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცივილიზაციური არჩევანია ევროპული განვითარება, სადაც უზრუნველყოფილია თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრება, უსაფრთხოება და თავისუფლება.
დღეს ქვეყანას მართავს მცირე ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ცდილობს საზოგადოება დაყოს და გააუცხოვოს. სწორედ ამიტომ, ერთიანობას დღეს ალტერნატივა არ აქვს.
ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს - ჩვენ გვაერთიანებს როგორც საერთო წუხილი, ასევე საერთო მიზნები და საერთო მომავლის რწმენა.
დაწყებულია ფართო სამოქალაქო თანხმობის პროცესი, რომლის მიზანია არაძალადობრივი წინააღმდეგობის გაძლიერება და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფა.
22 მარტს ქუთაისი, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული დედაქალაქი, კიდევ ერთხელ გახდება ადგილი, სადაც მოქალაქეები აჩვენებენ, რომ ქვეყნის მომავალი საზოგადოების ერთიანობაზე, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობაზე დგას.
ამ პროტესტში მონაწილეობას მიიღებენ მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, რადგან ეს ბრძოლა ყველას გვეხება.
22 მარტს, ქუთაისში, 15 სთზე, შევიკრიბოთ ჩვენი სახელმწიფოს დევიზის გარშემო:„ძალა ერთობაშია“!,,-წერია ინფორმაციაში.
