ირანული წარმოების კარაქის ნიმუშში ლისტერია აღმოჩნდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შპს „ათინათის“ (ქ. ქუთაისი, სულხან-საბას ქუჩა №14) კუთვნილი ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან ირანული წარმოების 82,5%-იანი კარაქის (დამზადების თარიღი: 17.06.2023) 5 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 1 ნიმუშის 25 გრამში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი Listeria monocytogenes.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ბიზნესოპერატორი. შპს „ათინათს“ დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა/დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება. პროცესზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
საწარმოში ჩატარდა ასევე არაგეგმური ინსპექტირება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კარაქის საწარმოებლად გამოყენებულია შპს "ეკე 2009"-ის მიერ იმპორტირებული ირანული წარმოების კარაქი (B401MART1106-111; დამზადების თარიღი - 31.01.2023; გამოყენების ვადა - 31/01/2024). შესაბამისად, შპს "ეკე 2009"-ში ჩატარდება არაგეგმური ინსპექტირება.
Listeria monocytogenes არის პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
Listeria monocytogenes იღუპება +65 C ტემპერატურაზე, მაცივარში -1 C მრავლდება კიდეც. მარილი ბაქტერიას არ კლავს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ინფექციურ დაავადებას ლისტერიოზს. ინფექციის წყაროა გარეული მღრღნელები და შინაური ცხოველები. ადამიანს ლისტერიოზი გადაედება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტითა და საკვებით (თერმულად ნაკლებად დამუშავებული ხორცი, უმი რძე, რძის ნაწარმი და ხილ-ბოსტნეული).
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მალე ღვინის ლაბორატორია მოეწყობა. ევროკავშირს მხარდაჭერით პროექტისთვის 500 000 ლარი გამოიყოფა.
ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული, მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო „სტამბაში“.
ღონისძიებაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, CESL პროექტის ფარგლებში დასაფინანსებლად შერჩეული ინიციატივა წარუდგინა საზოგადოებას.
550 000 ლარის ღირებულების საგრანტო პროექტით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის ბაზაზე ღვინის ლაბორატორია მოეწყობა.
საგრანტო პროექტით დაფინანსებული ღვინის ლაბორატორიით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივი მეღვინეები, ასევე დასავლეთ საქართველოს ღვინის მწარმოებლები.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში ხარისხზე ორიენტირებული ღვინის წარმოების განვითარებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას.
პროექტი იმერული ღვინის ასოციაციასა და კოლეჯ „იბერია“-სთან პარტნიორობით განხორციელდება.
შეხვედრის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ და მერიის ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თინა აბულაძემ პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტსა და დასავლეთ საქართველოში ღვინის ლაბორატორიის საჭიროებებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და დაინტერესებულ პირებს გამოცდილება გაუზიარეს.