გენდერული თანასწორობა შრომით ურთიერთობებში და ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი შრომითი გარემო - ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში დღემდე რჩება უდიდეს გამოწვევად. აღნიშნულ პრობლემაზე კვლევა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით მომზადდა, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
საქართველოში სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ფორმას გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია წარმოადგენს. ქალთა შრომითი უფლებების გარანტიების დადგენისა და მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად, ბოლო წლებში, შრომის კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა და ამოქმედდა შრომის უფლებების აღსრულების მექანიზმი შრომის ინსპექციის სამსახურის სახით. თუმცა, გენდერული თანასწორობის დასამკვიდრებლად გატარებული ღონისძიებები მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისია.
საქართველოში ქალების ეკონომიკური აქტიურობა კაცებისას 22.5%-ით ჩამორჩება . მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის სხვაობა. 2022 წლის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულ ქალთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ქვეყანაში შეადგენდა 1247 ლარს, ხოლო დაქირავებით დასაქმებულ კაცთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი კი - 1827 ლარს.
შრომით ურთიერთობებში ხშირია დისკრიმინაციის ისეთი ფორმები, როგორებიცაა სამუშაო ადგილებზე შევიწროება, ძალადობა, არასასურველ სექსუალურ ქმედებას დაქვემდებარება და ა.შ. დისკრიმინაციის ამ ფორმებთან ბრძოლას კი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, დასაქმებულთა ცნობიერების ნაკლებებობა და მათი უფლებების შესახებ ცოდნის დაბალი დონე ართულებს.
ასევე, ქვეყანაში არ არსებობს ღირსეული მინიმალური ხელფასი, რომელიც სახელფასო სხვაობას უნდა ამცირებდეს და ქალების შემოსავლებში ჩამორჩენას ამცირებდეს. ქალებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია დეკრეტული შვებულების ანაზღაურება. მიმდინარე წელს სოციალური გასაცემელი, რომელიც კერძო კომპანიებში დასაქმებულებისთვის ერთჯერადად გაიცემა 1000-დან 2000 ლარამდე გაიზარდა. ზრდის მიუხედავად, მაღალი ინფლაციის პირობებში, როცა ეს თანხა ქვეყნის 6 თვის ოფიციალური საშუალო ხელფასის მხოლოდ 21%-ს შეადგენს, არ არის საკმარისი და საჭიროა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება გაიცეს სრულად, - არსებული ხელფასის შესაბამისად. კვლავაც დაბალია გადაწყვეტილების მიმღებ, ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობა. ქალ დასაქმებულებს შორის მენეჯერულ პოზიციას იკავებს მხოლოდ 5,1%. მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი კაცებში 7,2%-ია.
პროექტის- ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში- მიზანს ადგილობრივ თვითმმართველობებში (მერია, საკრებულო, სულ - 14) ანტიდისკტრიმინაციული პოლიტიკის (თანასწორი, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემოს) ადვოკატირება და შასაბამისი სამართლებრივ დოკუმენტებში ასახვა, 14 საჯარო დაწესებულების (მერია, საკრებულო - საჯარო მოსამსახურის, გენდერზე პასუხისმგებელი პირის/მოადგილე) გადამზადება დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ, და დისკრიმინაციის, გენდერული დისკრიმინაციისა და შევიწროების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
პროექტის პირდაპირი ბენეფიაციარები იყვენენ მუნიციპალიტეტის მერიებში და საკრებულოებში დასაქმებული ადამიანები. საინფორმაციო შეხვედრებს 133 საჯარო მოხელე დაესწრო.
კვლევის შედეგების მიხედვით, მიუხედავად მდგომარეობის გარკვეულწილად გაუმჯობესებისა, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები სათანადაოდ არ არის ასახული შიდა დოკუმენტებში, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტის არ არსებობა. ასევე, გარკვეული რეგულაციების არსებობის პირობებში, დასაქმებულთა სრულყოფილი ინფორმირება კვლავ გამოწვევაა. დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით კვლავ დიდი სამუშაო არის გასაწევი, რათა რეგულაციების შიდა დოკუმენტებში ასახვის პარალელურად მოხდეს მათი პრაქტიკაში სათანადო იმპლემენტაცია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 ივნისის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 5738 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი - 2742 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1147 - ქუთაისში, 982 - ბათუმში, 867 კი, ქალაქ რუსთავში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 5738 სამართალდამრღვევიდან 5006 ფიზიკური პირია, ხოლო 732 - იურიდიული პირი.
3542 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1944 - მიკროავტობუსის, 245 - სატვირთო ავტომობილის, 7 კი, ავტობუსის მძღოლის სახელზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.