იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ტყიბულში, ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია, მაღალმთიან სოფლებში კი 1 მეტრს.
ასევე, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის 1-ლი ნომრის მიმდებარედ ჩამოშალა მიწის მასა, თუმცა შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შედეგად პრობლემა მალე აღმოიფხვრა.
მუნიციპალიტეტებში სადაც უამინდობაა მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვისა და მუნიციპალური სამსახურები.
უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები და სახლების სარდაფები. ინტენსიური წვიმის შედეგად სანიაღვრე არხები ვერ ასწრებდა წყლის ნაკადის გატარებას, რამაც საავტომობილო გზებზე შექმნა შეფერხებები.
მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, მთელი დღის მანძილზე სპეციალური ჯგუფები მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს არსებული ავარიული მდგომარეობის აღმოფხვრა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები საჭიროებისამებრ გაგრძელდება.