იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ,ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა , მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში,საკრებულოს თავმჯდომარემ , თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა , ქუთაისში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
,,16 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან. ჩვენ ყოველ წელს ვიხსენებთ იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც რთულ დღეებში საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის კეთილდღეობას, ასევე ვიხსენებთ იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც შეეწირნენ სამშობლოს დაცვას. ათასობით მოქალაქემ დაკარგა საცხოვრებელი სახლი, იქცა თავის ქვეყანაში დევნილად და შედეგად დღეს, ჩვენ გვაქვს ქვეყნის 20% დროებით ოკუპირებული რუსეთის მიერ.
რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ქვეყნის გამთლიანება, სანამ დროებით ოკუპირებული ტერიტორია არ შემოუერთდება ჩვენი ქვეყნის იურისდიქციას. ჩვენ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ და გავაკეთებთ მხოლოდ მშვიდობით” - ზვიად შალამბერიძე.
სასულიერო პირებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარედ 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცებისა და საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული ტერიტორიების ამსახველი ფოტოები გამოიფინა. ასევე, წარმოდგენილი იყო პროექტის რენდერები, რომლის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ გმირთა მემორიალს.
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მიაგეს პატივი.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.
ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. ეს სპეკულაციებია, რომელსაც არ აქვს საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, რომ არაფერი აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას, მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი.
„არ მგონია, რომ თარიღთან დაკავშირებით ეს სპეკულაციები იყოს სერიოზული. გახსოვთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. ეს სპეკულაციებია, რომელსაც არ აქვს საფუძველი, ერთადერთი მიზანი არის ის, რომ რაღაცნაირად გახლიჩონ ამ ყველაფერშიც საზოგადოება. არაფერი უნდა აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მიდგომა, მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. წლების განმავლობაში, აღინიშნებოდა 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღი და ამ თარიღის აღნიშვნა გრძელდება ახლაც ასე. რაც შეეხება ოპოზიციას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის სპეკულაციები და არასერიოზული, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი“,- განაცხადა პრემიერმა.