ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაციას არასამთავრობო ორგანიზაცია,,ევროპა ჩვენი სახლიას,, დამფუძნებელი ეხმაურება.
,როგორ გვაშინებს ეს სიტყვა მთელი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის- მის მიმდებარედ ჩავლილი დამანგრეველი პრაქტიკის გათვალისწინებით- მხოლოდ თეთრი ხიდი და ოქროს ჩარდახი რად ღირს, ამ სიას გელათიც რომ არ მივამატოთ თავის აღმატებულობით ყველაფრის მიმართ, თუმცა მიდგომები ერთგვაროვნად პრიმიტიულია და გელათის წონამაც ვერ აიძულა ხელისუფალი მეტი სიფრთხილე გამოეჩინა.
ამჯერად, 15 000 000-ის დახარჯვა (სწორი სიტყვაა) ისტორიულ ბულვარში გადაწყვიტეს.
გაჭირვებულ ქალაქში ასტრონომიული თანხის ხარჯვის საკითხი რომ გვერდზე გადავდოთ (რათქმაუნდა ბევრს იმსახურებს- მიზნობრიობა და და ეფექტურობა თუ მიედევნება) ქუთაისისთვის ბულვარის მნიშვნელობა შესაბამის ცოდნასა და ყურადღებას ითხოვს, თუკი საქმე "რეაბილიტაციაზე" მიდგება.
საჯარო განცხადებები არსებული ინფრასტრუქტურის რემონტზე და ახლების ჩადგმაზე აქცენტირებს, არანაირი კონკრეტიკა უნიკალური ხე-მცენარეების მოვლასა და ფონდის გამრავალფეროვნებაზე.
ბულვარის რეაბილიტაციაზე საუბრისას ცემენტი და ნიჩაბი არ უნდა მიიწევდეს სიმწვანეზე წინ და საუბედუროდ რომ ასეა, თავად შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
რაც საგანგაშოა, ძველად დაშვებული შეცდომა მეორედება და გადაწყვეტილია ქუთაისის ბულვარის ჩაჭედება გაქვავებილი ცემენტის ბილიკებში, რომელიც გამართლებულიც რომ იყოს, პრაქტიკაში ვერ ვნახავთ ფართო პერიმეტრზე ხარვეზების გარეშე დაგების ქართულ მაგალითებს.
არადა, პარკების, ბაღების შემთხვევაში, მცენარეთა მოვლისთვის და ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის გაუმართლებელია.
მეტი სანდოობის, დამაჯერებლობისთვის, კარგი იქნებოდა, ამაზე სპეციალისტები საუბრობდნენ, მაგრამ აქაც სამარცხვინო პრაქტიკა გვაქვს, ან უკვე გაფუჭებულზე აშრიალდებიან, ან ბოლომდე დუმან ძლიერთა ამა ქვეყნისათა რიდით (მადლობა მათგან გამონაკლისებს!).
ორი საუკუნის მანძილზე ბულვარის ირგვლივ განაშენიანებამ და გზის საფარის სიმაღლეში მუდმივმა ზრდამ დონეთა სხვაობა იმდენად შეცვალა, რომ პრაქტიკულად ბულვარი "ვარდნობია" და რადგან წყალი აღმართში საკუთარი სურვილით არ მიდის, ძლიერი წვიმების დროს მცენარეების მთავარი მტერია.
უმეცრება ზოგადი გამოწვებაა, თუმცა პარკების დატბორვა რომ ხეებს სიცოცხლეს უსწრაფებს, იოლი გამოსაცნობია და პირველი რიგის ამოცანა გამართული სადრენაჟო სისტემის მოწყობა უნდა იყოს.
არც ამაზეა საჯაროდ აქცენტები გაკეთებული.
საინტერესოა როგორ აგვარებენ ამ საკითხს.
წყალტუბოს პარკსაც იგივე პრობლემა აქვს და ზუგდიდშიც ბოტანიკურ ბაღშიც ბილიკების გრუნტს ზემოთ მოწყობამ მცენარეების დაზიანების რისკი გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბილიკები სწორი, შესაბამისი მასალით არის გადაწყვეტილი.
ანუ, დეკორატიული ღორღით.
ქუთაისის ისტორიაში ბულვარის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 15 მილიონი რეკორდული თანხაა და ქალაქის მტრობა იქნება თუ ეს პროცესიც დადგენილ საყველპურო სტანდარტს ვერ გაცდება და არსებულ პრობლემებს შეინარჩუნებს,,-თორნიკე ბარათაშვილი.
პროგრამა ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში, უკვე განახლდა ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობა და დაიწყო ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია.

,,მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჯამში, 160 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრალურ პარკში, რომელიც წარმოადგენს ამ ქალაქის ისტორიას. პროექტის თავდაპირველი ეტაპი მოიცავდა არსებული მდგომარეობის სრულ შესწავლას. პარკის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეების შესწავლა, აღნუსხვა და სრული ტაქსაცია. პროექტი მომზადდა იმის მიხედვით, თუ რა მწვანე ნარგავები შეიძლება შეემატოს აღნიშნულ პარკს და არავითარ შემთხვევაში არ მოხდება მწვანე ნარგავების მოჭრა ან დაზიანება. რაც შეეხება პარკის გეგმარებას, რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“ და პარკის ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის ,,ვარდების ხეივნის“ მოწყობა“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ.

პროექტის ფარგლებში, დამუშავდა პარკის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია. საპროექტო არეალი, დღეის მდგომარეობით, საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაშია. ამორტიზებულია საფეხმავლო ბილიკები, დაზიანებულია პარკის ფურნიტურა და განათების ბოძები, პრაქტიკულად არ არსებობს პარკის სარწყავი და სადრენაჟე სისტემა, რის გამოც წყალი კონკრეტულ მონაკვეთებში გროვდება და იწვევს არსებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ფილებისა თუ სხვა ელემენტების დაზიანებას.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები და დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები. დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება სფეხმავლო ბილიკები. ასევე, დაგეგმილია არსებული საზოგადობრივი საპირფარეშოს რეაბილიტაცია და მედიათეკის განთავსება, რომელიც მოაზრებული იქნება ერთიან საპროექტო კონტექსტში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შესასვლელებით.

ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი ლარით აფინანსებს. პარკი 1821 წელს გაშენდა და ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო.

პროექტის დეტალებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე არქიტექტორებთან, ინჟინრებთან, დენდროლოგებთან, ადგილობრვი ხელისუფლების და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
