ქალთა ფონდი „სოხუმი“ ქუთაისის მუნიციპალიტეტში პროექტის „იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები - საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში“ განხორციელებას იწყებს. პირველი საინფორმაციო შეხვედრა ონლაინ ფორმატში პროექტის მხარდამჭერ - USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების, პარტნიორებისა და ბენეფიციარებისთვის გაიმართა.
შეხვედრის ფასილიტატორის, ხათუნა გოგუას შესავალი სიტყვის შემდეგ, პროექტის კოორდინატორმა თეა თორინავამ პრეზენტაცია წარადგინა.
პროექტის ძირითადი მიზანი იძულებით გადაადგილებული პირების - ქალებისა და გოგონების გაძლიერებაა, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
პროექტი „იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები - საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში“, გულისხმობს ტრენინგების ციკლს სხვადასხვა თემებზე: ადვოკატირება, ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავების პროცესი, ლიდერობა, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, კომუნიკაცია. გარდა ამისა, პროექტის ბენეფიცირებს ექნებათ შესაძლებლობა: დაესწრონ საკრებულოს სხდომებს, თვითმმართველობის მუშაობის შესახებ ანგარიშის საჯარო განხილვებს, ითანამშრომლონ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, მიღებული ინფორმაციები გაავრცელონ საკუთარ თემში, მოახდინონ პრობლემების იდენტიფიცირება, მოამზადონ წერილები ადგილობრივი თვითმმართველობის სახელზე საკითხის გადასაწყვეტად, შეაგროვონ ხელმოწერები, საპროექტო მუშაობის შედეგად ქალები და გოგონები მიიღებენ საჭირო ცოდნას და უნარებს. ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით მათ ექნებათ მეტი შესაძლებლობა, იპოვონ დევნილთა თემში არსებული პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრის გზები.
ინტერმუნიციპალური კონფერენცია, რომელიც პროექტის დასასრულს მოეწყობა, საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორების საუკეთესო პრაქტიკას გამოავლენს.
ქალთა ფონდ „სოხუმის“ პირველი საინფორმაციო შეხვედრა და ახალი პროექტის შინაარსის მოსალოდნელი ეფექტურობა ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა შეაფასეს.