16 აქტიური დღის გლობალური კამპანიის ფარგლებში დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გრძელდება ახალგაზრდების აქტივობები ყველა იმ თემაზე, რომელიც ქალთა ფონდი ,,სოხუმის" სამოქმედო სტრატეგიაა.
10 მუნიციპალიტეტში, დღემდე, 1000-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ეგიდითა და მენტორების კოორდინაციით თემატურ დისკუსიებში, ტრენინგებში, გამოფენებში, ქუჩის აქციებსა და პერფორმანსებში, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და პრევენციას ეხებოდა.
,,უმთავრესი, რაც წელს გამოიკვეთა, არის ადგილობრივი თვითმმართვრლობების განსაკუთრებული პარტნიორობა ჩვენს კამპანიაში. რესურს ცენტრების, ახალგაზრდული დეპარტამენტების, სკოლის დირექციების, პედაგოგების და მშობლების, თავისთავად. მუნიციპალიტეტებმა პრიორიტეტად დაისახეს უკვე ამ გზის გავლა ქალთა ფონდ ,,სოხუმთან" ერთად, რადგან წლების მანძილზე, ჩვენმა კონსტრუქციულმა და შედეგიანმა ნაბიჯებმა განაპირობა მთავარი - ნდობა(!) - რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ახალგაზრდების თვითშეგნების და სწორი განათლებისთვის კეთდება" /ნინო ჭაბუკიანი/
,,ახალგაზრდებმა შექმნეს ვიდეოები ძალადობის, ბულინგის, სხვა მნიშვნელოვანი პრობლემის გასააზრებლად და დასაგმობად. ქუჩაში აწარმოეს საინფორმაციო კამპანია მოსახლეობასთან, გამოკითხვები, რომელიც ძალიან საინტერესო მასალაა მრგვალ მაგიდასთან დიალოგისთვის. თავადვე დაწერეს და შეასრულეს პერფორმანსები, რომელსაც სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რითაც კიდევ უფრო მოტივირებულად იგრძნეს თავი" /ანჟელა ჩიხლაძე/
,,ჩვენ წლებია, მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ ამ მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებთან. ვმუშაობდით მაშინაც, როცა ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებდნენ გენდერის, ტოლერანტობის, ბულინგის და ძალადობის თემებს. ვატარებდით ტრენინგებს ყველა სივრცეში. ვასწავლიდით საკუთარ და სხვის უფლებებს. უკეთეს მოქალაქეებად ვზრდიდით. ის, რაც წელს მოხდა, კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი შრომა ნამდვილია, საჭიროა, გამაერთიანებელია და ყოველდღიურობას, ან ძველ სტერეოტიპებს ნამდვილად ცვლის. მადლობა ამ ნდობის და თანამშრომლობისთვის ყველა მუნიციპალიტეტს და ჩვენს ახალგაზრდებს" /ლელა შენგელია/
ქალთა ფონდი "სოხუმი" აქტიურად აგრძელებს კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებთან მუშაობას, რომელმაც ბევრი ახალი სახე და ლიდერი წარმოაჩინა. ეს ის შრომაა, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო ღირსეული შედეგი მოყვება. მადლობა იმისთვის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებსა და რესურსცენტრებში, სკოლის ადმინისტრაციებსა და ახალგაზრდულ დეპატრტამენტებში, წელს მაქსიმალური იყო სურვილიც და პარტნიორობაც ქალთა ფონდ ,,სოხუმთან“. ბევრი იყო ადგილობრივად ინიცირებული ღონისძიებაც, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნამაც შეუწყო ხელი.