ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ამ დღეს ყოველთვის მოვდივართ ჩვენი გმირის, ზაზა გლუნჩაძის საფლავზე და პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. ეს ჩვენი ვალია გმირების ხსოვნის წინაშე. მათმა თავდადებამ და სამშობლოსთვის გაღებულმა სიცოცხლემ თითოეულ ჩვენგანს დაგვიტოვა პასუხისმგებლობა — არასოდეს დავივიწყოთ მათი გმირობა და მომავალ თაობებს გადავცეთ მათი სახელები“, — განაცხადა ხარაგაულის მერის მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა.
2008 წლის აგვისტოს ომში, ზაზა გლუნჩაძემ რვა დაჭრილი თანამებრძოლი სამშვიდობოს გამოიყვანა. მეცხრე დაჭრილის დასახმარებლად კვლავ ბრძოლის ველზე შესვლისას კი თავად დაიღუპა.
ზაზა გლუნჩაძე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
შინდისის ბრძოლაში დაღუპული ჭიათურელი გმირის, შმაგი კუპატაძის მემორიალი და საფლავი დღე გვირგვინით მუნიციპალიტეტის მერმა შეამკო.
“ პატივი მივაგეთ შინდისის გმირს შმაგი კუპატაძეს. მისი თავდადება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ღირსეული მაგალითია. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საკუთარი სიცოცხლე შესწირეს“- განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.
ორი საჩხერელი მებრძოლი დაიღუპა აგვისტოს ომში-8 აგვისტოს კაპრალი ირაკლი ბაზაძე და 11 აგვისტოს შინდისში ილია შეყლაშვილი.
დღეს მათი გმირობა კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
,,აგვისტოს ომი გვიმძაფრებს ტკივილს იმ გმირი ბიჭების წინაშე, რომლებიც ამ ომს შეეწირენ. ირაკლი ბაზაძე და ილია შეყლაშვილი არიან ჩვენი დროის გმირები. მათ თავისი სიცოცხლე უყოყმანოდ შესწირეს სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლას და დაგვიტოვეს დიდი მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, ვაჟკაცობისა და ქართველობისა”-განაცხადა ლევან ივანაშვილმა.
ირაკლი ბაზაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მედლით ,,სამშობლოსათვის თავდადებული“.
შინდისის გმირი ილია შეყლაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის“