შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, ისინი შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა, ქუთაისსა და წყალტუბოში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 329 შეკვრა „მეთადონი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულების დროებითი საცხოვრებლებიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, იმერეთის რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“.
გამოძიებით ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ხოლო დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.