ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, მთის ძირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც წყალდიდობამ დააზიანა, ხვალ საღამომდე მოძრაობა აკრძალულია.
,,მოსახლეობას მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმარებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები გაუწევენ.
მიმდინარეობს მუშაობა ბურჯანაძეების უბნის გავლით ალტერნატიული გზის მოწყობაზე, სადაც გადაადგილება საღამოდან იქნება შესაძლებელი.,,-ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია.
ჭარბი ნალექის შედეგად მდინარე ჩოლშურას ადიდებამ ლენტეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სტიქიამ საყდრის ხიდი დააზიანა და ამ დროისთვის ხიდი სრულად დანგრეულია.
ადგილზე დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის ინფორმაციით, საყდრის ხიდის ადგილზე დროებითი ხიდი მოეწყობა, რომელიც ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ამ დროისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გეწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მათი ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოების შედეგად დროებითი ხიდის მოწყობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.
ამასთან, საყდრის ხიდის ახალი პროექტი უკვე მომზადებულია. ახალი ხიდის მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადაში დაიწყება.
ავტორი თეონა ფარულავა