საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას აგრძელებს.
,,დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები.
დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება აეროპორტში შეუფერხებლად სრულდება.,, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა -7 მილიონ 400 ათასზე მეტი მგზავრი.
2024 წელს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი კი 3%-ით და რეისების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. (2023 წელი -1,671,306 მგზავრი, 5041 -რეისი.
2024 წელს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში - 4,750,830 მგზავრი დაფიქსირდა. რაც ასევე, რეკორდული მაჩვენებელია და შესრულდა 22,715 რეისი. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა და რეისები 30%-ით გაიზარდა. (2023 წელი - 3,693,942 მგზავრი, 17,456 - რეისი).
).
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა. (2023 წელი - 621,506 მგზავრი, 3,110 - რეისი).
2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის რეკორდული იყო და ჯამურად ყველა აეროპორტი 7,425,399 მგზავრსა და 31,937 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 25 %-ით გაიზარდა. (2023 წელი - 5,986,754 მგზავრი, 25,607 რეისი).