ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულ მეშახტეებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე და "საქნახშირის" მფლობელი კომპანია Steel International Trade Company-ის მენეჯერი ალექსანდრე ჩოჩია.
ნათია თურნავა ადგილზე გაეცნო ტყიბულის შახტაში ახალი ინვესტორის მისვლის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებს, განახლებულ ინფრასტრუქტურას, მეშახტეების სამუშაო პირობებს და პირადად მოისმინა მეშახტეებისგან მათი სამუშაო პირობების შესახებ. შეხვედრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ მეშახტეების უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია და უაღრესად მნიშნელოვანია, რომ ადგილობრივი ნახშირის მოპოვება უსაფრთხოდ, შრომის პირობების სრული დაცვით მიმდინარეობდეს.
შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში აღნიშნა,რომ სახელმწიფო კომპანიასთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს მეშახტეებს ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო გარემო, შესაბამისი ანაზღაურება და შესაბამისი პირობები. ,,რეალურად ანაზღაურებასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ შედარებით გაუმჯობესდა არსებული მდგომარეობა, მოქმედებს საბონუსე სისტემა და ზოგადად გადაიხედა ანაზღაურების საკითხი. ჩვენ გავაგრძელებთ კომპანიასთან ერთად მუშაობას, რადგან კიდევ უფრო უკეთესი პირობები შევუქმნათ თითოეულ მეშახტესა და თანამშრომელს“- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
ტყიბულის შახტში ახალი ინვესტორი კომპანიის მისვლის შემდეგ გარემონტდა და მოეწყო მიწისზედა კომპლექსი, განახლდა აბანო-გარდერობები და დამხმარე სათავსოები, სასადილო, მიმდინარეობს თანამშრომლების პირადი აღჭურვილობისა და საჭირო ეკიპირების სრული განახლება, გამართულად მუშაობს ავტომატური საგაზო დაცვა, შახტები აღიჭურვა საიმედო გაზის საზომი აპარატებით, აღდგა მწყობრიდან გამოსული მექანიზმები, განხორციელდა მიწისქვეშა გვირაბების სარეაბილიტაციო და გადამაგრებითი სამუშაოები; მოხდა ახალი მიწისქვეშა გვირაბების გაყვანა, გარემონტდა და დამზადდა ახალი სახალხო ვაგონები და სხვა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმერეთის რეგიონში ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. ნათია თურნავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კლდეეთს იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ მიხეილ შალამბერიძესთან და „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორთან, აზერ მამმადოვთან ერთად ესტუმრა.
ეკონომიკის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა მათი სოფლების გაზიფიცირების პროექტის წარმატებით დასრულება. სოფელ გოგნიში მცხოვრები 205 მოსახლე უზრუნველყოფილია ბუნებრივი გაზით, რისთვისაც აშენდა 20 456 გრძივი მეტრი გაზსადენი. რაც შეეხება ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვემო კლდეეთს, სოფლის 216 აბონენტი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით.
მთლიანად თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, გაზიფიცირდა 5 დასახლებული პუნქტი და 900-მდე ოჯახი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, გაზიფიცირდა 21 დასახლებული პუნქტი და 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება მიეცა. ამჟამად, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ორ დასახლებულ პუნქტში, სადაც 200-მდე აბონენტს საშუალება მიეცემა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
მოსახლეობასთან შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა გეგმის მიხედვით საქართველოს გაზიფიცირების 2019 – 2021 წლის პროგრამის ფარგლებში 384 დასახლებული პუნქტი მთლიანად გაზიფიცირდება და ქვეყნის გაზიფიცირების დონე 90 % იქნება.