საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
,,ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები. კვირას, დილის 8:00 საათიდან, ჩვენგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით და გთხოვთ, ამ ფაქტს მოეკიდოთ გაგებით.
წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.
მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.
ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია.,,-საქართველოს საპატრიარქო.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.
წმინდა დავით აღმაშენებელმა დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველები ძველ ნამოსახლარებზე დააბრუნა. მოიწვია საეკლესიო კრება, რომელიც რუის-ურბნისის კრების სახელწოდებით არის ცნობილი. კრებამ ქართული ქრისტიანული ეკლესიის ავტორიტეტი გააძლიერა და თავგადასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა აღკვეთა. კრებამ ასევე ერისა და პიროვნების გადარჩენის საქმეში მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
შემდგომ წმინდა მეფე საქართველოს გაერთიანებას შეუდგა და ქვეყანა თურქთაგან გაათავისუფლა. მუდმივმოქმედი ჯარის შესაქმნელად კი ყივჩაღეთიდან 40 ათასი მეომარი ჩამოიყვანა, რომელსაც 5 ათასი ქართველი მიემატა.
1121 წელს წმინდა მეფე დავითმა დავითმა დიდგორზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს კი 400 წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი თბილისი სამშობლოს დაუბრუნა. წმინდა მეფე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართულ ეკლესია-მონასტრებსაც შეეწეოდა. მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.
წმინდა მეფე 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი" დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.