რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.
ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ49 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე.
გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ნარჩუნდება შემდეგ საავტომობილო გზებზე:
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის არსებობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ქარბუქის და თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ასევე ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ90-კმ185 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
"ვკვდები როგორც ქალაქი ... " - ასეთი სათაურით პერფორმანსი ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. აქცია სამოქალაქო მოძრაობა " დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ინიციატივით ჩატარდა. მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება", სიმბოლურ სირცხვილის დერეფანში გაატარეს . ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. აქტივისტები ამბობენ, რომ საპარლამენტო სტატუსის დაკარგვის შედეგად ქუთაისმა მოსახლეობის რაოდენობით მეორედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. შეკრებილებმა ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
პერფორმანსის სათაურის ინსპირაცია მიშა ჩარკვიანის გახმაურებული სპექტაკლი " ვკვდები როგორც ქვეყანა" გახდა.
ფოტო-საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო იმერეთი,,