შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას.
ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა.
ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ.
გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.
აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.,,-შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალური ასამბლეას იმერეთი პირველად მასპინძლობს.
კურორტ წყალტუბოში 15-მდე ქვეყნის 30-მა წარმომადგენელმა ქართულ მხარესთან ერთად გენერალურ ანსამბლეაზე ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების საერთო ინტერესებზე, ხედვასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
გენერალური ანსამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ 2024 წლის გაზაფხულის ანსამბლეის მასპინძლობა არის რეგიონისთვის ახალი გამოწვევა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ მსოფლიოს თერმული წყლების უნიკალური კურორტები, რათა აღმოაჩინონ საქართველო და განსაკუთრებით იმერეთის რეგიონი თავისი უნიკალურობით.
,, ჩვენ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გვექნება სხვადასხვა სახის შეხვედრები და ღონისძიებები, ასევე სტუმრები ადგილზე გაეცნობიან თერმული წყლების სპა ცენტრებს და სამკურნალო თვისებებს. ვფიქრობ, სამი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება და რაც მთავარია მოხდება გაზიარება იმ პრაქტიკის, რომელიც აქვს ისეთივე თერმულ ქალაქებს როგორიცაა წყალტუბო და საირმე“ - ზვიად შალამბერიძე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,კურორტების განვითარების სააგენტოს” ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ყურადღება კურორტების განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის პრეზიდენტმა რიკარდო მორტანდელომ გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო და კერძოდ იმერეთი არის უნიკალური თერმული წყლების საბადო და ამიტომ მნიშვნელოვანია აღნიშნული კურორტების ადგილზე გაცნობა და დეტალური ინფორმაციის გაზიარება.
ქართული მხარის მიზანია საქართველოში და კერძოდ იმერეთში განვითარდეს სამედიცინო ტურიზმი, მოხდეს ახალი ბაზრების ათვისება და დაინტერესებულ პირებს ადგილზე ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო დახვდეთ.
იმერეთი არის თერმული წყლების საბადო. მხარეში 33 მინერალური და თერმული წყალია, აქედან ყველაზე მეტი ვიზიტორი წყალტუბოსა და საირმეს ყავს.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაცია ევროპის 18 ქვეყნის 50 წევრს აერთიანებს, ასევე ასოციაციის საერთაშორისო პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ბრაზილია. აღნიშნულ ასოციაციას საქართველოდან, იმერეთის რეგიონი 2017 წელს შეუერთდა.
საერთაშორისო ანსამბლეა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,კურორტების განვითარების სააგენტოს” ეგიდით ტარდება.