გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 5043 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 297 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
სამართალდარღვევებიდან ყველაზე მეტი - 1528, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტია; 1093 - ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევა, 877 - უკანონო ტყითსარგებლობა, 474 - თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, 338 - მიწის კანონმდებლობის დარღვევა, 202 - წიაღის უკანონო მოპოვება, 180 - წყლის კანონმდებლობის დარღვევა, 162 - ნებართვის პირობების დარღვევა/უნებართვო საქმიანობა, 189 კი - სხვა დარღვევა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1052 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს კახეთში. 803 ფაქტი დაფიქსირდა ქვემო ქართლში; 680 - აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 558 - მცხეთა-მთიანეთში, 463 - დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 447 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 394 - შიდა ქართლში, 220 - სამცხე-ჯავახეთში, 56 სამართალდარღვევა კი, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 6 თვეში, თბილისში 370 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 2415 ფაქტი გამოავლინეს.