გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთსა და შიდა ქართლში, ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მდინარე მტკვარზე და ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ქერშავეთზე.
მოქალაქეები გასაბერი ნავებიდან თევზჭერისას აკრძალულ საშუალებებს - ელექტროიარაღებს იყენებდნენ. კასპში სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა ხრამულის სახეობის 17 კგ თევზი.
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2025 წლის 6 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თევზჭერის წესების დარღვევის 364 ფაქტი გამოავლინეს.