- საზოგადოება
- გადასვლები: 687
მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს,შეხვდეს მაღაროელებს-არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სახელოვნებო სფეროს პროფკავშირი „გილდია“,მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი,პროფკავშირი „ლაბორი“,სოციალურ მუშაკთა გაერთიანება და საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი ჭიათურელ მაღღოელებთან დაკავშირებით,საერთო განაცხადებას ავრცელებს.
,,ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ჭიათურაში შექმნილ კრიზისს და მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების შესახებ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ განხილვებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ ჭიათურელ მაღაროელებს და ჭიათურის სხვა მცხოვრებლებს, რომელთა სამომავლო ბედიც ამ პროცესზეა დამოკიდებული.
როგორც ცნობილია, 19 მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საქართველოს პროფესიული კავშირების მოწვევით, გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგგარეშე სხდომა, რომელზე ჭიათურაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. კომისიის გადაწყვეტილებით, პროფკავშირების და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლების შემადგენლობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც „იმსჯელებს პრობლემის გადაჭრის გზებზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.“
აღსანიშნავია, რომ არც სამმხრივი კომისიის სხდომაზე და არც 28 მარტს გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არ მიუწვევიათ და მათში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონიათ ჭიათურელ მაღაროელებს, ისევე როგორც ზოგადად ჭიათურის მოსახლეობის წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, რომ მაღაროელები, რომლებიც სამსახურის და ანაზღაურების გარეშე დარჩნენ, ჯერ კიდევ 28 თებერვლიდან აქციებს მართავენ და ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ.
ადგილობრივთა უგულებელყოფა და მათი პროცესიდან გამორიცხვა კონსტიტუციურ და უფლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება. დაუშვებელია ამის გაგრძელება, მით უმეტეს, როცა მაღაროელები დიდიხანია უნდობლობას უცხადებენ პროცესში დასაქმებულების მხრიდან მონაწილე პროფესიული კავშირების გაერთიანებას.
მოვუწოდებთ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, დაუყოვნებლივ შეხვდეს ჭიათურელი მაღაროელების წარმომადგენლებს და უზრუნველყოს მათი ჩართულობა სამუშაო ჯგუფის/კომისიის ყველა მომდევნო შეხვედრაში.,,-წერია განცხადებაში.