მუნიციპალიტეტის ორგანოთა - საკრებულოსა და თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის
არჩევნებისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარეობს.
ბიულეტენები თბილისის 4 სტამბაში იბეჭდება. პროცესს პერმანენტულად
აკვირდებიან ცესკოს წევრები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების
წარმომადგენლები. სტამბა „ფავორიტი სტილში“ ბიულეტენის ბეჭდვის
პროცესის მიმდინარეობას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაეცნო.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესი, იქიდან გამომდინარე რომ
იქმნება მთავარი საარჩევნო დოკუმენტი - ბიულეტენი. რა თქმა უნდა, ასევე
მნიშვნელოვანია რომ როგორც ჩართულმა მხარეებმა, ისე საარჩევნო
ადმინისტრაციამ ზედმიწევნით გაუწიოს კონტროლი და მონიტორინგი ბეჭდვის
პროცესს, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და
საზოგადოების მიმართ მაღალ ანგარიშვალდებულებას საარჩევნო პროცესთან
დაკავშირებით. მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ხარისხის კონტროლი
რომ უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტების
დამზადება როგორც მოდერნიზებული, ისე ტრადიციული საარჩევნო უბნების
შემთხვევაში. ჩვენ, დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად, მთელი ამ
პერიოდის განმავლობაში პროცესს მონიტორინგს გავუწევთ, რომ ვენდორ
კომპანიასთან და პოლიგრაფიულ ცენტრებთან თანამშრომლობით
უზრუნველვყოთ სათანადო ხარისხის დოკუმენტაციის შექმნა და ამასთანავე
გამჭვირვალე და ღია საარჩევნო პროცესი“-აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
საერთო ჯამში იბეჭდება 3 897 500 ბიულეტენი, აქედან 2 813 150 ბიულეტენი
ტექნოლოგიური უბნებისთვის, ხოლო ტრადიციული უბნებისთვის 1 084 350
(სამი სახის).
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის
ბიულეტენები იბეჭდება ქართულ-სომხურ (103 200) და ქართულ-
აზერბაიჯანულ (295 100) ენებზე.
ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო და რამდენიმე დღე
გაგრძელდება. ბეჭდვის პროცესის დასრულების შემდეგ ბიულეტენები კანონით
განსაზღვრულ ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიებს, მოგვიანებით კი საუბნო
საარჩევნო კომისიებს გადაეცემათ.
საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრის
არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების
დაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბით
გახსნილია 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა
ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო
საარჩევნო კომისიების 34 000 -ზე მეტი წევრი განახორციელებს, საიდანაც 25 800
-ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი შესაბამისი
უფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი. აქვე, მინდა შეგახსენოთ,
რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ
არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, ასევე მათ უმრავლესობას
აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ასევე არის ცესკოს
საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე.
მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა წევრს და
მოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნო
კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკომ,
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი. სწორედ ეთიკის
კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საარჩევნო
ადმინისტრატორი დაიცავს კანონს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და
საქმიანობას კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად,
ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს. აღნიშნული პრინციპების, მაღალი
ეთიკური სტანდარტების დაცვა ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო
ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების
ნდობის კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან,
რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის
მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში
პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის
გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში
მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული
საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.
არჩევნები საერთო საქმეა, და პირველ რიგში ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ
პრინციპების დაცვას და საერთაშორისო სტანდარტის არჩევნების
ადმინისტრირებას. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მათი
დაცვისკენ, იმისათვის რომ მივცეთ ჩართულ მხარეებს საქმიანობის
განხორციელებისას უმაღლესი სტანდარტის მაგალითი.