საქართველოს სახალხო დამცველი 4 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და თარიღად ერთი თვით ადრე წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს.
,,საქართველოს სახალხო დამცველი და ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ორი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუცია, ერთობლივად მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ სათანადო, ისეთი საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან, მშვიდობიან და თანასწორ არჩევნებს.
საარჩევნო მთლიანობა და ჯანსაღი საარჩევნო გარემო ფუნდამენტურია დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. თუმცა, როდესაც საარჩევნო პროცესს თან სდევს სიძულვილის ენის გამოყენება, ამ პროცესში ჩართული პირების მიმართ პირადი თავდასხმები და დისკრიმინაციის წახალისება, ეს პირდაპირ ასუსტებს საარჩევნო გარემოს და ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ნდობას.
სამწუხაროდ, საარჩევნო პერიოდში, არაერთხელ დაფიქსირებულა საარჩევნო სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება. გასულ წლებში ასეთი თავდასხმის ობიექტები საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები და წევრებიც გამხდარან. ამასთანავე, პოლიტიკური დებატები მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მისამართით, რიგ შემთხვევებში, შეურაცხმყოფელი განცხადებებით ხასიათდება. სახალხო დამცველი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ასეთი ფაქტები საზიანოა და ხელს უშლის თანასწორი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.
ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის გამართულ საქმიანობას, საარჩევნო პროცესების შეუფერხებლად წარმართვასთან ერთად ამ პროცესებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რაც თავის მხრივ, უკიდურესად აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. ელექტრონული ტექნოლოგიების მასშტაბური დანერგვის, ასევე, ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის შეუცვლელი როლის გათვალისწინებით, ყველა მხარის ხელშეწყობით საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობა უნდა მიეცეს სიძულვილის ენისგან თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში სრულყოფილად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
აუცილებელია, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა/წარმომადგენლებმა, შესაბამისმა კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ხელი შეუწყონ პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას. დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკური კულტურის დასანერგად, მნიშვნელოვანია კანდიდატთა საარჩევნო კამპანიები მიმართული იყოს საქმიანი, საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული დისკუსიისკენ, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის სამართლიან და თანასწორ პირობებში წარმართვას.
ამავდროულად, აღსანიშნავია მედიის განსაკუთრებული როლი წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად და სამართლიანად წარმართვის კონტროლისა და ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი იქნება მედიის წარმომადგენლებმა, საარჩევნო კამპანიების გაშუქებისას, გამოავლინონ მაღალი პროფესიული სტანდარტი. სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე ჰქონდეთ შესაბამისი რეაგირება და მსგავს ფაქტებს კრიტიკულად გამოეხმაურონ.
დასასრულს, სიძულვილის ენის თავიდან აცილება და მასზე ადეკვატური რეაგირება აუცილებელია საარჩევნო მთლიანობის უზრუნველსაყოფად და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შესანარჩუნებლად. აღნიშნული კი თავის მხრივ არის სამართლიანობისა და კონსტრუქციული პოლიტიკური დისკუსიის წარმართვის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი.,,-საქართველოს სახალხო დამცველი.
მიხეილ ყაველაშვილი შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველოს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც, მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს.
“პირველ რიგში, მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი, როგორც ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული ლიდერისადმი. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი პრეზიდენტობა გააძლიერებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მოუტანს მეტ კეთილდღეობას ამერიკელ ხალხს, აგრეთვე მეტ მშვიდობას, სიმშვიდეს და კეთილდღეობას სრულიად მსოფლიოს.
როგორც საქართველოს მთავრობის ლიდერებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად თქვენი არჩევის შემდეგ, თქვენ ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გააუქმა იმ უსამართლო, უხეში და აგრესიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ის არაერთი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აწარმოებდა.
ამ ფონზე, კიდევ ერთხელ სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც, მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. საკითხებზე, რომლებზეც დღეს თქვენი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, წლებით ადრე საუბრობდა საქართველოს მმართველი გუნდი. თუმცა, იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად, კვლავაც აქტიურობს „დიპ სთეითი“, რომელიც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით, საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. საბედნიეროდ, „დიპ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს. „დიპ სთეითის“ მიერ საქართველოში ორგანიზებული რევოლუციის ოთხი მცდელობა, პირველ რიგში, სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის, გამოცდილებისა და პრინციპულობის წყალობით აღიკვეთა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე, თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან - წარმატებით შეუწყვეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა, ამ ფონზე, თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს.
ამბობენ, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო. თუმცა, ბუნებრივია, მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს, ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული „დიპ სთეითის“ დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, პასიურად აკვირდება.
ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები არა „დიპ სთეითთან“, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, არა მშვიდობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამუდმებულ მცდელობასთან, არამედ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან, არა გენდერულ და ლგბტ პროპაგანდასთან, არამედ ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს.
პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მზად ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა კი, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ თქვენი ადმინისტრაციის სამართლიანი და გულისხმიერი დამოკიდებულების დამკვიდრებაა”,- ნათქვამია ღია წერილში