გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბერს დღისით, 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი.
9 ოქტომბრიდან, 10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
7-15 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“ იმართება.
ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე, მთელი დღის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი.
საფესტივალო პროგრამა მოიცავს იმერული ღვინის დეგუსტაციას და გამოფენა-გაყიდვას, მოწყობილია საგამოფენო, საბავშვო-გასართობი და კვების სივრცეები, ტარდება მასტერკლასები პურის ცხობაში, ფელამუშის და ჩურჩხელის მომზადებაში, მსურველებს შეუძლიათ თავად დაწურონ ყურძენი საწნახელში, დაამზადონ თიხის ჭურჭელი, მოხატონ ღვინის ჭიქები და ბოთლები.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ექსპოზიცია „ 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
ჩატარდება ღვინის კონკურსი და სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილის სესიები ადგილობრივ ღვინოზე.
ფესტივალი დღის ბოლოს კონცერტით დასრულდება.
