ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროს და მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მიმართავენ, რომ დაუყოვნებლივ გაუგზავნონ ან უფასოდ ხელმისაწვდომი გახდეს აფთიაქში სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლები, რომლებსაც მოსახლეობა ვერ ყიდულობს.
„ბატონო მინისტრო, მოგმართავთ გადაუდებელი საჭიროების გამო და გვაქვს გადაუდებელი დახმარების მოლოდინი.
ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისია, რაც გამოწვეულია მანგანუმის მოპოვების შეჩერებით და 3620 დასაქმებულის ანაზღაურების გარეშე დარჩენით.
მოგეხსენებათ, რომ ჭიათურა მონოინდუსტრიული ქალაქია, რაც ნიშნავს იმას, რომ მანგანუმის მოპოვებაზე და მაღაროელების შემოსავალზეა დამოკიდებული.
უკვე 5 თვეა მანგანუმის მომპოვებელმა კომპანიამ „ჯორჯიან მანგანეზმა” ყოველგვარი გაფრთხილების ან გეგმის გარეშე შეაჩერა საწარმოს მუშაობა და მესამე თვეა, სრულად შეწყვიტა საწარმოში დასაქმებულების ანაზღაურება.
ჭიათურის მოსახლეობა ეკონომიკურ კრიზისშია.
ბოლო რამდენიმე კვირა კი სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეების პირისპირ დგას საკვების და წამლების მუდმივი დანაკლისის გამო.
მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ გამოგვიგზავნოთ (ან უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოთ აფთიაქებში) სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლები, რომლებზეც მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება (ჩვენთვის ცნობილ, კრიზისულად საჭირო წამლების ჩამონათვალს ვურთავთ წერილს).
ასევე გადაუდებელი საჭიროებაა ბავშვთა ხელოვნურ საკვებზე, რომელზე დამოკიდებულიც არიან ჩვილ ბავშვთა ოჯახები და ბოლოს გვჭირდება აუცილებელი საბაზისო საკვები საყოველთაო შიმშილის შესამსუბუქებლად – ეს შეიძლება იყოს პური, შაქარი, ზეთი, ბურღულეული, კონსერვირებული საკვები და სხვა პროდუქტები.
ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. ეკონომიკური კრიზისის ფონზე თქვენი თანადგომა მატერიალურის გარდა მორალურადაც სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია”, – წერია ჭიათურელი მაღაროელების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).