დღეს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჭიათურმანგანუმის მაღაროს უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
შეხვედრაზე მაღაროელებმა სამსახურიდან გათავისუფლების, შრომის პირობების დაცვისა და კომპენსაციის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს და სახალხო დამცველს პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შუამდგომლობა სთხოვეს.
სახალხო დამცველმა პრობლემის მასშტაბურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა სწორედ მანგანუმის მაღაროში იყო დასაქმებული, ათასობით ადამიანის უმუშევრად და საარსებო წყაროს გარეშე დატოვებით კიდევ უფრო გამწვავდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რაც არღვევს ადამიანის შრომისა და ღირსეული ცხოვრების უფლებებს.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ასევე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიურ მდგომარეობას, რომელსაც ნედლეულის ღია წესით მოპოვების შედეგად ფაქტობრივად გამოუსწორებელი ზიანი ადგება.
სახალხო დამცველი მაღაროელებს დაპირდა, რომ მათ გასაჭირს გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მიიტანს.
როგორც ცნობილია, მარტის დასაწყისიდან „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით, ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები შეწყვიტა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში 7 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
4 უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია იმერეთში: ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონიაში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზვარესა და ვახანში.
2 უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია აჭარაში - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალსა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ იაკობაურში.
ასევე ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი მოქალაქეს საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა დამონტაჟებული სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში.
სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის, 25 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 0, 37 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.
ვინაიდან შვიდივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.