ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
ამასთან, ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.
საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:
- არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);
- არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);
საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;
ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო - ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.
- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა.
- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.
ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.
საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ხუთი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისინი ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, რომლებსაც ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი ფულადი თანხის გადაცემის შემთხვევაში, ისინი მიიღებდნენ მაღალ საპროცენტო სარგებელს.
გამოძიების მიმდინარე ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული გზით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ თანხას, ჯამში - 620 584 ლარის ოდენობით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.