შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 მარტიდან 10 აპრილამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 206 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 157 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 49 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 99 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 26 სამართალდარღვევა, შიდა ქართლში - 20, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 18, აჭარაში - 14, იმერეთში - 12, ქვემო ქართლში - 11, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 3, გურიაში - 2, მცხეთა-მთიანეთში კი - 1.
ჯამში ამოღებულია 108 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 359 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 11 უკანონო სახერხი საამქრო.