თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაშლილია საფეხმავლო ხიდი გადასაადგილებლად და მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა.
„თავდაცვის ძალებში და ზოგადად, მიმდინარე სამუშაოებში საორგანიზაციო საკითხები დავასრულეთ. მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ. დღეის მდგომარეობით, დღის წესრიგი განსაზღვრული აქვს მათ, ვინც აქ მუშაობს. ალბათ, საორგანიზაციო საკითხები აღარ იქნება საჭირო და იმავე დღის წესრიგით გააგრძელებენ, რაც განვუსაზღვრეთ“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი.
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში მეოთხე დღეა სამაშველო ღონისძიება გრძელდება
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიწის მასის დამუშავების დროს ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი. მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.
სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.
მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.