შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 62 პირი დააკავა, მათ შორის 46 ნარკორეალიზატორია.
ნარკორეალიზატორები დაკავებული არიან სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, მარნეულსა და რუსთავში, ასევე, თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის, ასევე, ამ დანაშაულის მომზადების ბრალდებით დაკავებული არიან იორდანიის , ლატვიის და საქართველოს მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: "ჰეროინი", „კოკაინი“, "ალფა პვპ", "ბუპრენორფინი", „ექსტაზი“, „მეტადონი“, "კეტამინი", "ლირიკა", "ოპიუმი" და "მარიხუანა".
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის ფაქტებს, პოლიციამ უცხო ქვეყნის 20-მდე მოქალაქე დააკავა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული არიან თურქეთის, სერბეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, უკრაინის, ეგვიპტის, ლატვიის, ნიგერიისა და სომხეთის მოქალაქეები.
2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, სულ 204 ნარკორეალიზატორია დაკავებული.
მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით, გასულ წელთან შედარებით, 68-ით მეტი ნარკორეალიზატორი დააკავა.
პოლიციამ ჯამში, მთელი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო: 8 კილოგრამი „ჰეროინი“, 8 500 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 16 კილოგრამი „კოკაინი“, 6 კილოგრამი „მდმა“, 5 კილოგრამი „ალფა პვპ“, 4,5 კილოგრამი „კლეფედრონი“ და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.