ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს“ ავრცელებს.სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ადვოკატი ელისო რუხაძე იცავდა 17 წლის მოზარდის ინტერესებს.
2022 წლის 25 ნოემბერს, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ, სრულად დააკმაყოფილა „უფლებები საქართველოს“ მოთხოვნა და არასრულწლოვანს აღარ დასჭირდება მოძალადე მამის ნებართვა იმისათვის, რომ ისწავლოს სკოლაში, დედის და თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით.
„სიტყვებით ვერ აღვწერ იმ ემოციასა და ბედნიერებას, რაც პროცესზე, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მქონდა. დიდი სიხარულია, მოძალადე მამასთან რომ არ მომიწევს ბავშვის განათლებასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება. ბედნიერი ვარ, რომ დღეიდან, ბავშვისთვის განათლების მიცემა დამოუკიდებლად შემიძლია“, - არასრულწლოვნის დედა.
არასრულწლოვანის დედამ ჯერ კიდევ 2022 წლის 17 ოქტომბერს, მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობის გამო, მიმართა პოლიციას. პოლიციამ მოძალადე მამაკაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცა, რადგან მამაკაცი მეუღლეზე ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძალადობდა, აგრეთვე არასრულწლოვანი შვილის კანონიერ ინტერესებს უგულებელყოფდა.
ბავშვის სურვილით, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ძალადობრივი გარემოდან იზოლირების მიზნით, არასრულწლოვანი დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. საცხოვრებელი ადგილის ცვლილების გამო, საჭირო გახდა მისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის შეცვლა, რაზეც არასრულწლოვანის მამა კატეგორიულ უარს აცხადებდა.
განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, „უფლებები საქართველოს“ მხარდაჭერით, საგარეჯოდან ვანის საჯარო სკოლაში არასრულწლოვანის მობილობის მოთხოვნით, დედამ მიმართა საგარეჯოს საჯარო სკოლას და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
სამინისტრომ, „უფლებები საქართველოს“ განცხადებასა და ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ შესწავლის გარეშე, მიუთითა, რომ მობილობისთვის აუცილებელი იყო მამის თანხმობაც. ამ მიდგომამ, მოძალადე, მის მიერ მობილობაზე დაფიქსირებული წინააღმდეგობრივი პოზიციის გათვალისწინებით, ძალადობის მსხვერპლ დედასთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა და არსებითი საფრთხე შეუქმნა არასრულწლოვანის მიერ განათლების მიღების შესაძლებლობას.
2022 წლის 25 ნოემბერს, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მურთაზ კაპანაძის, მიერ გამოცემული დროებითი განკარგულებით, არასრულწლოვანი მამის თანხმობის გარეშე შეძლებს განათლების მიღებას, მათ შორის, ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლას.