ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.
კერძოდ, კითხვაზე, „როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას“, გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ „ცუდად“. 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 7% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.
კვლევის თანახმად, მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი.
კერძოდ, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს თბილისში გამოკითხულთა 60%, ხოლო კარგად - 35%.
დიდი ქალაქები: ცუდად 59%, კარგად 34%; პატარა ქალაქები: ცუდად 49%, კარგად 44%; სოფლები: ცუდად 44%, კარგად 45%;
რაც შეეხება მათ განაწილებას პარტიული მხარდაჭერის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხულთაგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 13%, ხოლო კარგად 84%. გამოკითხულებს შორის ოპოზიციის მხარდამჭერების 75% მთავრობის საქმიანობაზე ამბობს, რომ ცუდია, 20% კი მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს.
კვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხული მოსახლეობის 28% - კარგად, 33%-საშუალოდ, 35%-ცუდად აფასებს. კითხვაზე პასუხი არ იცის 4% -მა. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში, პრემიერის საქმიანობას გამოკითხულთა 26% -კარგად, 32% - საშუალოდ, 36% - ცუდად აფასებდა. პასუხი არ იცოდა გამოკითხულთა 6%-მა.
ამასთან, გამოკითხულთა 9% პარლამენტის საქმიანობას კარგად აფასებს, 45%-საშუალოდ, 41% - ცუდად. კითხვაზე პასუხი არ იცის - 4% -მა.
გამოკითხული მოსახლეობიდან პრეზიდენტის საქმიანობას 12% - კარგად, 43%-საშუალოდ, 40%-ცუდად აფასებს. 5%-მა პასუხი არ იცის. ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში, პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 24% - კარგად, 42%-საშუალოდ, 24%-ცუდად აფასებდა. პასუხი არ იცოდა გამოკითხულთა 9%-მა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.