საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება და ყველა მათგანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. კალანდარიშვილის თქმით, არჩევნები, რომლის შედეგადაც მოქალაქეები 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევენ, 08:00 საათზე დაიწყება და 20:00 დასრულდება.
„ხვალ, 4 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.
ამასთანავე, 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატი.
რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარობის კანდიდატებს - სულ რეგისტრირებულია 2 228 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 32 კანდიდატი. თბილისში კი 160 კანდიდატი.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
ყველა საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი. კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე, თუმცა ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.,,-განაცხადა კალანდარიშვილმა.