იმერეთის მუნიციპალიტეტში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრძელებს. სავაჭრო ცენტრების, აგრარული ბაზრებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემდეგ, საჯარო და კერძო სკოლები შემოწმდნენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ქუთაისის პირველ საჯარო და შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლებში იმყოფებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასწავლო დაწესებულებებისთვის დადგენილი რეგულაციებისა და ბავშვების ჯანმრთელობის დაცულობის უსაფრთხოება პირადად შეამოწმეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ისეთ გარემოში სწავლის შესაძლებლობა, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ეპიდემიის გავრცელების რისკი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამ მიზნით, ჩვენ პერიოდულად აუცილებლად განვახორციელებთ მონიტორინგს, როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
„ქალაქ ქუთაისში ვაგრძელებთ სხვადასხვა ობიექტების გეგმიურ მონიტორინგს, მათ შორის არის საგნმანათლებლო უწყებებიც. სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად პირადად გავეცანი სკოლებში არსებულ სიტუაციას, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას დადგენილი ყველა სტანდარტი დაკმაყოფილებულია. ეს ის სავალდებულო რეგულაციებია, რომელთა დაცვაც ჩვენი პატარების ჯანმრთელობისა და ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით აუცილებელია“. - განაცხადა ბექა ფერაძემ.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ქუთაისში საზედამხედველო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა .მხარეებმა იმერეთის რეგიონში არსებული ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულება განიხილეს. შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში 5 სავაჭრო მოლი დააჯარიმა. მიზეზი ახალი რეგულაციების შეუსრულებლობაა. გარდა ამისა, შემოწმების შედეგად უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს.
„ქალაქ ქუთაისში , მონიტორინგის ფარგლებში ინსპექტირების პროცესი გრძელდება. შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ადგილზე არ ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდება ტემპერატურის სკრინინგი. სწორედ ამიტომ , 5 სავაჭრო ობიექტი დავაჯარიმეთ. მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც. ჩვენ ვაძლევთ გაფრთხილებებს და მოქალაქეებს , რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ“-განაცხადა ბექა ფერაძემ.
შრომის ინსპექცია მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს იმ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რომელიც ბიზნესის აქტიური მხარდაჭერითაა შემუშავებული .