ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისელთა საყოველთაო გაჭირვების, ქალაქში მოუგვარებელი პრობლემების ფონზე აპროტესტებს ქ.ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებას.
დღეს მერიის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა.მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქუთაისში ტრანსპორტის 4 მიმართულებაზე ტარიფმა 50 დან 70 თეთრამდე მოიმატა, ქუთაისელთა დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა, ქალაქი ყოველდღიურად იცლება მოსახლეობისგან და უამრავი მოუგვარებელი პრობლემაა, მერის ხელფასის 5500 ლარამდე გაზრდა არის ქუთაისელთა დაცინვა. საერთო ჯამში ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნების და აქტივისტების ხელფასებზე 2022 წელს 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება (სულ ხელფასებში იხარჯება 33 მილიონი ლარი).
ქუთაისის მერიის ვალი დღეის მდგომარეობით შეადგენს 25 მილიონ 377 ათასი ლარს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით," ქართული ოცნების " მიერ ხელფასების ზრდაზე უარი ნიშნავს 4 წელიწადში 28 მილიონი ლარის დაზოგვას, რაც ამ ვალების დასაფარად სრულიად საკმარისია.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს ქართულ ოცნებას უარი თქვას ამ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნული თანხა მიმართოს ქუთაისელთა პრობლემების მოგვარებაზე.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში გაიმარჯვა.ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა, 2021 წლის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები გამოავლინა.
✅ საუკეთესოდ აღიარებული პროექტები 23 დეკემბერს საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციაზე დასახელდა, სადაც გამარჯვებულებს სამახსოვრო ჯილდოები და სიგელები გადაეცათ. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) -,,ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში’’ მხარდაჭერით გამართულ, რიგით მეოთხე ეროვნულ კონფერენციაზე, რომელსაც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა უძღვებოდა, სპეციალური პრიზები და სიგელები - ქუთაისის, ფოთის, ხარაგაულის, სენაკის, ცაგერის, ზუგდიდისა და ქედის, ასევე, ბოლნისის, ბაღდათის, ლაგოდეხის, ხელვაჩაურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.
კონკურსში ქუთაისის მუნიციპალიტეტმა მოქალაქეთა მონაწილეობის პროგრამაში გაიმარჯვა.
თვითმმართველი ერთეულების პირველ პირებს სპეციალური ჯილდოები და პრიზები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა გადასცეს.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, რომელმაც მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკასა და ქუთაისში ამ პროგრამის დადებით ასპექტებზე ისაუბრა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტი ამ კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს იმარჯვებს.
პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის, ასევე შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.