სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ტაილანდის 7 მოქალაქე დააკავეს და 10 ობიექტი დახურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, ნიკოლაძის, ვაშლოვანის, კოსტავასა და ახვლედიანის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტო მაღალი რისკის სამი მუნიციპალიტეტისთვის გეოლოგიური საფრთხეების დეტალურ რუკებს მოამზადებს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ სამი მაღალი რისკის მქონე მუნიციპალიტეტისათვის - ვანის, ბაღდათისა და ქობულეთისთვის - გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი) დეტალური რუკების შედგენას ითვალისწინებს. სამუშაო პროცესში განახლდება გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზა, მოხდება მეწყრების დეტალური აღწერა და მომზადდება საფრთხეების ზონირების რუკები.
აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის მსგავსი მასშტაბის რუკები პირველად მზადდება და მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე, შესაბამისი დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტებისთვის.
მხარეებს შორის პირველ ონლაინ სამუშაო შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, საერთაშორისო ექსპერტი ენდრიუ კოსი ესწრებოდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საფრთხეების რუკების შედგენისთვის საჭირო მონაცემების შეგროვების მეთოდები და სხვა დეტალები.
პროექტის ფარგლებში გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები საფონდო (ისტორიული) მასალების დამუშავების შემდეგ, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გეოდინამიკური კუთხით არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან და საჭირო ინფორმაციას შეაგროვებენ.
აღნიშნული პროექტი „კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, ფაზა 2“ დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.
ინიციატივა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას საქართველოში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის დაფინანსებით.