ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციები შეწყვიტეს.დღეიდან ისინი ქალაქიდან გასასვლელების პიკეტირებას იწყებენ.
,,როგორც მოგეხსენებათ, შეწყდა საპროტესტო აქციები და დღეიდან გადავდივართ ქალაქის ბლოკირებაზე. კერძოდ, მემორიალსა და ჯრუჭულის პოსტებზე მოგვიწევს ცხოვრება. 24-საათიან კონტროლის რეჟიმში ვაჩერებთ ყველა სატვირთო ავტომობილს, რომელსაც შესაძლებელია გადაყავდეს სილა, ხრეში, ბიგა, მანგანუმი, ჯართი (რომელიც ჯიემის საკუთრებაა) და სხვა ყველა სახის ტვირთი, რომელიც დააპირებს ქალაქის გავლას, გარდა დისტრიბუციის სამარშუტო ტაქსების და მსუბუქი ავტომობილებისა !,,-აცხადებენ მაღაროელები.
ჭიათურაში აქციები ერთი თვის განმავლობაში იმართებოდა.მაღაროელები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას, კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის,, ქალაქიდან გასვლას და მაღაროების სახელმწიფოსთვის გადაცემას ითხოვენ.
ქართველი ფოტოჟურნალისტები და ფოტოდოკუნენტალისტები საერათო განცხადებას ავრცელებენ.საუბარია World Photo press-ის კონკურსზე ,სადაც გაიმარჯვა საქართველოს ანტი-რუსული აქციების რეპორტაჟისთვის რუსმა ფოტოგრაფმა გაიმარჯვა. მათი ინფორმაციით, კონკურსზე არ დაუშვეს აღნიშნულ თემატიკაზე გადაღებული ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები
,,ჩვენ, ქართველ ფოტოჟურნალისტებსა და დოკუმენტალისტებს, გვაშფოთებს და შეურაცხგვყოფს World Press Photo-ს გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის ჯილდო გადაეცეს რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული სააგენტო TASS-ის წარმომადგენელს — ფოტორეპორტაჟისთვის, რომელიც ასახავს ქართულ პროტესტს, დემონსტრაციებს, რომლებიც სწორედ რუსეთის გავლენებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული.
კრემლის ნარატივების მომხრე ფოტოგრაფის დაჯილდოება ანტირუსული აქციების გაშუქებისთვის არა მხოლოდ სადავო და წინააღმდეგობრივია, არამედ პირდაპირი შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვიან რუსეთის ჩარევას საქართველოს სუვერენიტეტსა და მის მომავალში.
TASS რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოა, რომელსაც დეზინფორმაციის გავრცელების მრავალწლიანი ისტორია აქვს, საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული დღემდე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და შემდგომი წლების განმავლობაში, TASS ცენტრალურ როლს ასრულებდა ყალბი ნარატივების გავრცელებაში და საქართველოს აგრესორად წარმოაჩენდა. დღესაც ანალოგიური ტაქტიკების გამოყენებით აგრძელებს მანიპულაციას და ამახინჯებს ფაქტებს უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ.
World Press Photo-ს მიერ შერჩეულმა ფოტოგრაფმა საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ეს აგრესია „განმათავისუფლებელ“ აქტად შეაფასა. არა მხოლოდ სიცრუეა ეს ნარატივი, არამედ განსაკუთრებით დამანგრეველიცაა მათთვის, ვინც საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის ოკუპაცია და დღემდე ებრძვის რუსულ იმპერიალისტურ აგრესიას. გვიჭირს გავიგოთ, რომ კონკურსზე, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობის სადარაჯოზე უნდა იდგეს, ასეთი ხმა იმსახურებს უმაღლეს შეფასებას.
როგორც საქართველოს მოქალაქეებს, იმ ქვეყნის შვილებს, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, თავად გვაქვს განცდილი და ვიცით რას ნიშნავს ომი, იძულებით გადაადგილება და სუვერენიტეტის დარღვევა. ჯილდოს მფლობელ ფოტოებზე გამოსახული დემონსტრანტები არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან სწორედ იმ ძალებს, რომლებსაც TASS იცავს და ემსახურება. მათ ისტორიას რომ ამგვარი სააგენტო ჰყვება, აღარაა მხოლოდ წინააღმდეგობრივი რამ, ეს უკვე ჟურნალისტიკის ფუნდამენტური პრინციპების ღალატია.
TASS-ის ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოსერიის დაჯილდოებით, World Press Photo ლეგიტიმაციას აძლევს სააგენტოს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებით არის ცნობილი. ეს გადაწყვეტილება არყევს დამოუკიდებელი მედიის არსს, აძლიერებს პროპაგანდას და გზას უხსნის ყალბ ნარატივებს უფრო ფართო აუდიტორიამდე. მეტიც, საიმედოდ და სანდოდ აღიარებს რუსეთის სამთავრობო მედიას და, საბოლოო ჯამში, აძლიერებს ოკუპანტის ძალაუფლებას.
გვინდა ცხადად და მკაფიოდ ვთქვათ: საქართველოს წინააღმდეგობის, ტკივილისა და იმედის ისტორიას ვერასდროს დაინახავენ და გადმოსცემენ დამპყრობლების პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტოები — სწორედ ისინი, ვინც მჩაგვრელის სამსახურში დგანან და მის სასარგებლოდ, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ამბებს, მანიპულირებენ ფაქტებით და ახშობენ სიმართლეს.,,-წერია გავრცელებულ განცხადებაში.