შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეტამფეტამინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „კლეფერდრონი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და „მცენარე „კანაფი“.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ამოღებულია უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 265 პრიმა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი უ.ბ. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობით ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1978 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, 1975 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს და 1985 წელს დაბადებულ შ.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ერთი მათგანი-ზ.ფ. მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უ.ბ. ბრალდებულის სახით, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.