ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი შპს „იბერია სტარ გრუპ“-ის განცხადების პასუხს აქვეყნებს.
,,კომპანია, რომელიც საზოგადოებრივ აზრსა და დარგის სპეციალისტთა არგუმენტირებულ პოზიციას „სპეკულაციად“ და „ცილისწამებად“ აცხადებს, ხოლო მოქალაქეთა კომენტარებს საჯარო სივრცეში შლის, ფაქტობრივად თავად ტოვებს მხოლოდ ერთ ფორმატს - საჯარო და არგუმენტირებულ პასუხს.
პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საკითხი არ ეხება კერძო საკუთრების უფლების უგულებელყოფას. საკუთრების უფლება კონსტიტუციით დაცულია, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება საზოგადოებრივ ინტერესსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებას.
კომპანიის ტექსტის მთავარი პასუხი მისივე პირველ წინადადებაშია:
„განცხადება ტაბიძის ქუჩის N39ა-ზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით“. როდესაც ყოფილი საგუბერნიო ციხე მხოლოდ რიგით მისამართად არის წარმოდგენილი, უკვე ცხადია დამოკიდებულება ისტორიისა და ქალაქის მეხსიერებისადმი.
მაღალი საჯარო ინტერესის გამო, აუცილებელია საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი და სახელმწიფო პასუხისმგებლობა:
ის ფაქტი, რომ კონკრეტულ ობიექტს ამ ეტაპზე არ ჰქონდა მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, არ ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია ისტორიული ან კულტურული ღირებულება.
მრავალ შემთხვევაში საქართველოში ძეგლის სტატუსი მინიჭებულია სწორედ საზოგადოების ჩართულობისა და საკითხის საჯარო აქტუალიზაციის შემდეგ.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს წლების განმავლობაში არსებულ არასწორ სახელმწიფო პოლიტიკას და მავნებლურ მიდგომებს ისტორიული ობიექტების მიმართ.
ქუთაისის საზოგადოებამ არაერთხელ ნახა, რომ ფორმალური სტატუსიც კი ვერ უზრუნველყოფს რეალურ დაცვას - ამის მტკივნეული მაგალითია- გელათი!
ამიტომ, სტატუსის არქონა ვერ იქნება განადგურების მორალური თუ საზოგადოებრივი გამართლების საფუძველი.
საგუბერნიო ციხის ტერიტორია წარმოადგენს ქალაქის ისტორიული მეხსიერების ნაწილს.
ყოფილი საგუბერნიო ციხე იყო XIX საუკუნის ადმინისტრაციულ-საპატიმრო ინფრასტრუქტურის ნაწილი და უკავშირდება იმ პერიოდის პოლიტიკურ და სოციალურ ისტორიას.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სალოცავი/ტაძარი წარმოადგენს სულიერი და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტს, რომლის დემონტაჟი საჭიროებს არა მხოლოდ კერძო შეთანხმებებს, არამედ ფართო საზოგადოებრივ და პროფესიულ შეფასებას.
ეკლესიის „დემონტაჟზე შეთანხმება“ ვერ ცვლის მისი ისტორიული ღირებულების საკითხს.
ტერიტორიაზე არსებობდა ეკლესია, რომელიც ათეული წლის მანძილზე მოქმედი იყო. მისი ბედი უნდა გადაწყდეს გამჭვირვალე, საჯარო და კანონით განსაზღვრული პროცედურების ფარგლებში - შესაბამისი ექსპერტიზით, არქიტექტურულ-ისტორიული შეფასებით და საზოგადოების ინფორმირებით.
სამლოცველოს საკითხი დღის წესრიგში სწორედ საზოგადოების აქტიურობის შედეგად დადგა. წარმოდგენილ პროექტში ეკლესია არ არის ასახული.
ძველი სალოცავის დანგრევის სანაცვლოდ ახალი ეკლესიის აშენება ვერ ჩაითვლება ისტორიული პასუხისმგებლობის შესრულებად. კულტურული მემკვიდრეობა არ არის ჩანაცვლებადი რესურსი - ის არის ავთენტური ისტორიული მატერიალური მეხსიერება.
ქალაქი არ უნდა შეეჩვიოს „ინდულგენციის“ მავნე პრაქტიკას, სადაც ძველის განადგურება ახალით კომპენსირდება.
ეკონომიკური ინვესტიცია ვერ ანაცვლებს კულტურულ დანაკარგს.
ინვესტიციის მოცულობა, პროექტის მასშტაბი ან პრემიუმ კლასის სტატუსი არ შეიძლება გახდეს ისტორიული ობიექტის შესაძლო განადგურების არგუმენტი.
თანამედროვე ურბანული განვითარება წარმატებით აერთიანებს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და ახალ მშენებლობას - ეს არ არის ურთიერთგამომრიცხავი პროცესები.
ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უამრავი მაგალითია ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების და შერწმის, თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან და ხედვებთან.
„ტერიტორიის“ აუქციონზე გატანა
საინვესტიციო ვალდებულების გარეშე
ყოფილი საგუბერნიო ციხის ტერიტორიის მრავალჯერადი გატანა აუქციონზე ყოველგვარი კულტურული თუ სოციალური ვალდებულების გარეშე, კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემურობას.
ამასთან დაკავშირებით კითხვები და პრეტენზიები შესაბამის უწყებებს უკვე მიემართებათ და საზოგადოებას ეს საკითხი არ დავიწყებია.
ანტისანიტარია და პასუხისმგებლობა
ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში მიუთითებდა ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიასა და საფრთხეებზე.
თუ მესაკუთრე მართლაც ზრუნავდა ქალაქის განვითარებაზე, 5 წლის განმავლობაში შესაძლებელი იყო მინიმუმ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტერიტორიის მოწესრიგება, კულტურული კომპონენტის განადგურების გარეშე.
რაც შეეხება „რკინის სრულად გატანას“ — საზოგადოების ნაწილს სხვა შთაბეჭდილება ჰქონდა.
მსგავსი დეტალები სწორედ იმ შეხვედრაზე უნდა განხილულიყო, რომელსაც ვითხოვდით ბოლო ორი კვირის მანძილზე სხხვადასხვა კომუნიკაციის გზით, თუმცა რომლის ჩატარებას კომპანიამ არ დაელოდა.
საზოგადოებრივი სივრცის ცნება
კომპანიის განცხადება ლოგიკურ კითხვას ბადებს: როდის აქეთ იქცა კერძო საცხოვრებელი კორპუსი „ქალაქისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სივრცედ“?
საზოგადოებრივი სივრცე ნიშნავს ღია, საერთო, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომ გარემოს - არა კერძო საცხოვრებელ კომპლექსს.
ქალაქის განვითარების კონცეფცია არ შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საინვესტიციო მოცულობით.
ჩვენი პოზიცია მკაფიოა:
ქალაქის განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ განვითარება არ უნდა ხდებოდეს ისტორიული მეხსიერებისა და იდენტობის დაკარგვის, განადგურების, წაშლის ფასად.
ბიზნესს აქვს უფლება განახორციელოს პროექტები, თუმცა ამ უფლების პარალელურად არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და კულტურული პასუხისმგებლობა.
საზოგადოებრივი ინტერესის იგნორირება ქმნის უნდობლობას.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის პირობებში აუცილებელი იყო:
ჩატარებულიყო დამოუკიდებელი ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა;
საზოგადოებისთვის წარდგენილიყო ექსპერტიზის დასკვნები;
უზრუნველყოფილიყო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა.
ჩვენი მოთხოვნებია:
სამუშაოების დროებითი შეჩერება იმ ნაწილში, სადაც მდებარეობდა ისტორიული სალოცავი/ტაძარი;
დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით;
ისტორიული კომპონენტის შენარჩუნების ან ინტეგრირების შესაძლებლობის განხილვა მიმდინარე პროექტში;
საზოგადოების ჩართულობით საჯარო განხილვის ორგანიზება.
ქალაქის განვითარება მნიშვნელოვანია, თუმცა განვითარება არ უნდა ხდებოდეს ისტორიული მეხსიერების ფასად. პასუხისმგებლიანი ურბანული პოლიტიკა გულისხმობს ბალანსს ეკონომიკურ ინტერესებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შორის.
მოვუწოდებთ როგორც კომპანიას, ისე სახელმწიფო უწყებებს, იმოქმედონ გამჭვირვალედ, კანონმდებლობის სრული დაცვით და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით.
ქუთაისი მხოლოდ „მისამართების“ ერთობლიობა არ არის. ეს არის ისტორიული შრეებით ნაგები ქალაქი, რომლის თითოეული სივრცე ქმნის საერთო მეხსიერებას.
მეტიც, ქუთაისის ისტორია არ ეკუთვნის ინვესტორს, არამედ ეკუთვნის ხალხს და მომავალ თაობებს!,,ქუთაისის საქალაქო საზოგადოება.
ქუთაისში, „გუბერნსკის ციხის" ყოფილი შენობის დემონტაჟი 14 თებერვალს დაიწყო. მის ადგილზე შპს "იბერია სტარ გრუპი" საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპირებს.
შენობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა. საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა საბოლოოდ შენობა ქუთაისელმა ბიზნესმენმა, დავით კოსტავამ 1 750 000 ლარად შეიძინა. ქუთაისის ბიუჯეტმა აქედან თანხის 35% მიიღო, დანარჩენი კი ცენტრალურ ბიუჯეტს დარჩა.
