ჭიათურაში მაღაროელთა უწყვეტი პროტესტი 312 დღე გრძელდება.
მაღაროელები ნორმალურ სამუშაო პირობებთან ერთად 4 დაკავებული თანამებრძოლის ,გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძისა და თენგიზ გველესიანის გათავისუფლებას ითხოვენ.ისინი 252 დღეა, ციხეში სხედან.როგორც მაღაროელები ამბობენ, უკანონოდ შეკერილი ბრალდებებითა და არარეალური მუხლით.
,,12 და 14 იანვარს ჩანიშნულია მათი სასამართლო პროცესები. ფორმალურად საქმე დასასრულს უახლოვდება, თუმცა რეალურად საიმედო არაფერია.
პროკურატურა სრულად იზიარებს საქმეში დაზარალებულად ცნობილი თენგიზ კობერიძის მოთხოვნას და ითხოვს ბრალდებულებისთვის კანონით გათვალისწინებულ პატიმრობას 6-დან 9 წლამდე.
მიუხედავად ადვოკატების ძალისხმევის, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ეფექტური ჩვენებებისა, მოსამართლე თამარ მაზანაშვილი ამ დრომდე სრულად ეთანხმება პროკურატურისა და დაზარალებულის პოზიციას.
ამის შედეგად, უკვე 252 დღეა ოთხი ადამიანი უსამართლოდ არის თავისუფლებააღკვეთილი.
ჩვენ კი, ვინც გარეთ ვართ, უწყვეტად და უტეხად ვაგრძელებთ სამართლიან პროტესტს, ყველა მიმართულებით და კანონის ფარგლებში.
თუმცა ამ უსამართლობის შესაჩერებლად საჭიროა საერთო სოლიდარობა, გაერთიანება და ერთმანეთის გვერდით დგომა — განსაკუთრებით მაღაროელებისგან და ჭიათურელი ხალხისგან.
ეს ბიჭები მიტოვებას არ იმსახურებენ,,-მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი.
