დიდთოვლობის შედეგად შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, იმერეთის რეგიონში სამუშაოები 29 დეკემბრიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ივანაშვილთან, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერთან გივი მოდებაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დიდთოვლობის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებას გაეცნო.
სახელმწიფო რწმუნებული საჩხერეში, მაღალი მთის სტატუსის მქონე სოფლებში: კორბოულსა და შომახეთში, ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში იმყოფებოდა, სადაც გზების თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დახმარებას დაპირდა.
საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრა აქტიურად მიმდინარეობს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება.
როგორც მუნიციპალიტეტების მერებმა აღნიშნეს, მუშაობა საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ აღმოიფხვრება დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები.
იმერეთის მასშტაბით, ამ ეტაპზე, დარჩენილია 3 სოფელი, სადაც გადაადგილება მაღალი გამავლობის მქონე სატრანსპრტო საშუალებებითაა შესაძლებელი.
ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობის უმეტეს ნაწილთან აღდგენილია. დარჩენილი დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს, ეტაპობრივად ხდება ქსელში აბონენტების ჩართვა.
შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, 29 დეკემბრიდან დღემდე, შესაბამისი სამსახურები იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში 24 -საათიან რეჟიმში მუშაობენ.
