მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის 14 ნოემბერს, პარასკევს, 14:00 საათზე და სამშაბათს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე განახლდება.
დღეს კი, პირველი სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციოში დაახლოებით 18:00 საათზე დასრულდა.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო სახელაშვილის გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც და მოითხოვს, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა შეეფარდოს.
დღეს სხდომა 24-ადგილიან , მცირე დარბაზში ჩატარდა, რის გამოც სასამართლო პროცესზე მისული ადამიანების დიდი ნაწილი გარეთ დარჩა.
პოლიციამ ჩაკეტა სასამართლოს ჭიშკარი და არც ჟურნალისტებს და არც სხვა პირებს სასამართლო ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა.
