2021 წლის ბიუჯეტის პროექტს ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აფსებენ.
,,ეს ბიუჯეტი ვერანაირად ვერ ასახავს ქალაქის რეალობას, უფრო მეტიც, დეგრადირებისკენ არის მიმართული.ამ ბიუჯეტში ზრდა აქვს მხოლოდ სახელფასო ფონს, 2 მილიონი ლარით გაიზარდა, ასევე სარეზერვო ფონდს 700 ათასამდე გაიზარდა, ისეთ ხარჯებს, რომელსაც ვერ აკონტროლებს ვერავინ, არ ჭირდება დაგეგმვა და თავის ნებაზე ჭრიან და კერავენ , როგორც უნდა ისე იღებენ გადაწყვეტილებას. განხილვაც არ ყოფილა რეალურად, ბიუჯეტი შემოვიდა, შენიშვნების გარეშე გრძელდება პროცესი და უკანაც არ დაბრუნებულა. ეს ბიუჯეტი არის ფულის საჭრელ მანქანად ქცეული, წარმოუდგენელია რაიმე განვითარებაზე საუბარი.,,-აცხადებს ბესო ბრეგაძე, საკრებულოს წევრი პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,,
,,2021 წელს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამიტომ ეს ბიუჯეტი არის ,,ქართული ოცნების,, მიერ საარჩევნო თარგზე მორგებული. უფრო მეტ დახმარებას მიიღებენ ,,ქართული ოცნების,, მხარდამჭერები, უფრო მეტ ტენდერებს მოიგებენ და ბოლოს ე.წ. ,,ატკატის,, სახით ეს ყველაფერი დაბრუნდება ,,ქართული ოცნების,, ყულაბაში,,- აცხადებს კოტე რატიანი, საკრებულოს წევრი პარტია ,,ევროპული საქართველოდან,,
რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის პოზიციას, განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.