საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევის შედეგად, პანდემიის მიუხედავად, იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფის პირველი შემადგენლობა უკვე საქართველოში იმყოფება და გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ სიტუაციას სწავლობს.
პირველ ეტაპზე მიმდინარეობს კედლის მხატვრობის კვლევითი სამუშაოები. უცხოელი ექსპერტები ზედმიწევნით შეისწავლიან გელათის კედლის მხატვრობის მდგომარეობას, აიღებენ სინჯებს, მათ შორის გამომარილების შედეგად გაჩენილი მარილის, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ გააკეთებენ ანალიზს და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს.
სამუშაოებში ასევე პარალელურად ჩაერთვებიან იუნესკოს არქიტექტორ-რესტავრატორები, რომლებიც კედლის მხატვრობის ექსპერტებთან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად შეისწავლიან გელათის ძირითად ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. სწორედ იუნესკოს ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ქართველი სპეციალისტების ჩართულობით მოხდება შემდგომი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
გელათში იმყოფება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, რომელიც პირადად კურირებს სამუშაო პროცესებს.
აღსანიშნავია, რომ უცხოელ ექსპერტებს მისიის დასრულებამდე მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ აქვთ გადაწყვეტილი. ისინი თვლიან, რომ მედიის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მხოლოდ მისიის დასასრულს, თბილისში დაბრუნებისას არის შესაძლებელი შემაჯამებელი ბრიფინგის გამართვა.